„არასოდეს ჩემს დროს არც ერთი პირადი ცხოვრების კადრი არ გასულა,“ - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა “კვირის აქცენტებთან” საუბრისას გააკეთა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისთვის მსგავსი მეთოდები მიუღებელია.
მიხეილ სააკაშვილი ოპონენტების ბრალდებებსაც ეხმიანება, რომლებიც აცხადებენ, რომ სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოხდა მსგავსი შინაარსის კადრების გადაღება. სააკაშვილის თქმით მან ამის შესახებ არაფერი იცოდა.
„შეიძლება, ვიღაც იღებდა. მე რა ვიცი, მაგის გაკონტროლება შეუძლებელია. არავის დონეზე მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ეს არ კონტროლდება. თუ ვიღაცა, რაღაცას ჩათლახობს და ჩალიჩობს, ეს არსად არ კონტროლდება და ეს ხდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. 2005 წელს, როდესაც დაგვეძაბა რუსეთთან ურთიერთობა. გორის ტერაქტის შემდეგ, დაახლოებით. „გრუს“ აგენტურა ძალიან გააქტიურდა. ჩემთან მოვიდა ჩვენი ძალოვნების ერთ-ერთი ხელმძღვანელი და თქვა, რომ მაგარი რაღაცაა, ჩვენმა ბიჭმა გაიცნო რუსეთის „გრუს“ მოქმედი ოფიცერი ქალი, რომელიც საელჩოს საფარქვეშ მუშაობდა. მოკლედ, ყველაფერი ქნა იმასთან, კადრები გვაქვს, თან გადაიღოო და ახლა ოპერატიულ დამუშავებას ვიწყებთ და ამ ქალს დავითრევთო და იქნება ჩვენი ინფორმატორიო. მე ვუთხარი, დაუყოვლებლივ გაანადგურეთ კადრებითქო. ჩვენ არ ვიყენებთ პირად ცხოვრებას საქართველოს მტრების წინააღმდეგაც კი“, - განაცხადა სააკაშილმა.
შეკითხვაზე, რომ გაეგო რომ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრები გადაუღეს, რას იზამდა, ის პასუხობს: „თავს მოვაძრობდი ყველას ვინც ჩაწერა".