აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე ოკუპირებულ აფხაზეთში სოფელ კვიტოურში ოჩამჩირის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილის ნადეჟდა ვოუბა სახლის ააფეთქების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გამოთქვამს მზადყოფნას, დაეხმაროს დაშავებულს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანასა და შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაში.
"იქ არსებული მდგომარეობა არა მხოლოდ სოციალური, არამედ კრიმინალური თვალსაზრისითაც ძალიან მძიმეა. დღეს თავდასხმა განხორციელდა ექიმზე, რომელიც მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი, მას დასჭირდა ქვედა კიდურის ამპუტაცია. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გამოთქვამს მზადყოფნას, მომართვის შემთხვევაში, დავეხმაროთ დაშავებულის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანასა და შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაში. თუ საჭიროება იქნება, მოხდება ყველა შესაძლებლობის და რესურსის მობილიზება დაშავებული ექიმის დასახმარებლად", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ ქეთევან ბაკარაძემ
ოჩამჩირის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილის სახლი ააფეთქეს. აფეთქება სოფელ კვიტოურში მოხდა. ექიმის საცხოვრებელ სახლში საათის მექნიზმზე დამონტაჟებული ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი აფეთქდა. ნადეჟდა ვოუბა კრიტიკულ მდგომარეობაში სოხუმში, სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მომხდარს დე-ფაქტო რეჟიმის კლანებს შორის დაპირისპირებას უკავშირებენ. არსებული ინფორმაციით, აფხაზეთის დეფაქტო შს სამინისტრომ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.