ჩვენი აზრით ტურიზმისა და კურორტების რეგულირების შესაბამის კანონმდებლობაში მკაფიოდ უნდა იყოს გაწერილი თუ რა პოლიტიკას ატარებს სახელმწიფო, - მიიჩნევს „ტურიზმის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი მამუკა ბერძენიშვილი, რომლის ორგანიზებითაც 31 მარტს ბათუმში ტურისტული ფესტივალი „ტურისტერი“ გაიმართა.
ბერძენიშვილის თქმით, ტურიზმის პოლიტიკა შეიძლება იყოს სრული რეგულირების, ან პირიქით, თუმცა ეს პოლიტიკა შესაბამის დოკუმენტებში მკაფიოდ უნდა იყოს გაწერილი.
„ეს პოლიტიკა შეიძლება იყოს სრული რეგულირების, სრული დერეგულირების, ან ნაწილობრივი რეგულირების, მაგრამ ეს პოლიტიკა უნდა იყოს ცხადად ამ დოკუმენტში ასახული და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ უკვე კონკრეტულ პრაქტიკულ ქმედებებზე. კანონი დაახლოებით 18 წელია არ განიცდის არანაირ ცვლილებას და აუცილებელია ამ კანონმა ჰპოვოს თავისი ადგილი ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით“, აცხადებს ფესტივალ „ტურისტერის“ ორგანიზატორი.
მამუკა ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ასევე კანონის დონეზე მკაფიოდ განისაზღვროს ცალკეული ტერმინები.
„კანონში არის ის ტერმინები, რომელიც საერთოდ არ გამოიყენება პრაქტიკაში და ძალიან მოძველებულია. კანონში ასევე არაა პოლიტიკის განმსაზღვრელი ის ორგანო, რომლის როლსაც დღეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ასრულებს. ჩვენ ასევე დიდი ინტერესი გვაქვს, რომ ავტონომიური რესპუბლიკის დონეზე პოლიტიკის განსაზღვრაც ამავე კანონის საფუძველზე იყოს დაწყებული, უკვე რესპუბლიკის შესაბამისი კანონის თვალსაზრისით.
რეალურ საკითხებს რაც შეეხება, ასევე ჩვენ უნდა დავიწყოთ საუბარი მოთხოვნა - მიწოდების კონკრეტული ინფორმაციის ცოდნის თვალსაზრისით. ეს კანონი უნდა გვაძლევდეს ამ ინფორმაციის მოპოვების რეალურ საფუძველს. იგულისხმება მაგალითად ის სუბიექტები, რომელიც სერვისს გასცემენ მაგრამ მათ შესახებ სრული ინფორმაცია არ გვაქვს - ასეთია გიდები, სატრანსპორტო საშუალებები რომლებიც ტურისტებს ემსახურებიან. კანონის მიხედვით, არ არის აუცილებელი მოთხოვნა იმისა, რომ ეს ადამიანები ასეთებად დარეგისტრირდნენ. არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ დაიწყოს ამ სუბიექტების რეგულირება, არამედ ვსაუბრობთ იმაზე, რომ აუცილებელია მათი რეესტრი არსებობდეს და ვიცოდეთ რა მიწოდების შესაძლებლობები გვაქვს გარკვეული მოთხოვნების შემთხვევაში და სწორედ ამ ანალიზის შედეგად მივხვდეთ რა რეგულაცია რა დოზით იყოს შემოღებული. თუ ეს ცვლილება არ გატარდება კანონში, რეგულაციების დონეზე ზედმეტია საუბარი“, აცხადებს მამუკა ბერძენიშვილი.