ყირიმის თემა სამუდამოდ დახურულია და ტერმინები ოკუპაცია და ანექსია მიუღებელია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატის ვლადიმირ ზელენსკის სიტყვებზე საპასუხოდ განაცხადა.
„რაც შეეხება ყირიმის ამ კონტექსტში მოხსენიებას, დაუშვებლად მიგვაჩნია. ყირიმის თემა განხილვას საერთოდ არ ექვემდებარება - ეს თემა ერთხელ და სამუდამოდ დახურულია. უფრო მეტიც, სიტყვები ოკუპაცია და ანექსია აბსოლუტურად მიუღებელია. ყველაფერი რაც ყირიმში მოხდა, სხვათაშორის უკრაინის კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისია“, - განაცხადა პესკოვმა ზელენსკის მიერ უკრაინის ოკუპირებული და ანექსირებული ტერიტორიების ხსენების შესახებ.
„მზად ვართ უკრაინის ნებისმიერ მოქალაქეს განვუმარტოთ, რომ რუსეთი უკრაინის არანაირი ტერიტორიების ოკუპაციას არ ახდენს და საერთოდ ამაზე საუბარი არ შეიძლება იყოს. რადგან დონბასის არაღიარებული რესპუბლიკა თავისი სურვილით არის განდგომილი უკრაინისგან“, - განაცხადა პესკოვმა.
უკრაინაში პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტური 31 მარტს გაიმართა. ვერც ერთმა კანდიდატმა საჭირო ხმების 50 პროცენტი ვერ დააგროვა. არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 21 აპრილს უნდა ჩატარდეს, მონაწილეობას ვლადიმირ ზელენსკი და პეტრო პოროშენკო მიიღებენ.