2018 წელს მწვავე პრობლემად გამოიკვეთა სექსუალური შევიწროება, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიში.
ომბუდმსენი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი იყო 2019 წლის თებერვალში „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებები, რომლის თანახმად, სექსუალური შევიწროება დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმად განისაზღვრა და შესაბამისად, მისი განხორციელება კანონით რეგულირებულ ნებისმიერ სფეროში, ნებისმიერი პირის მხრიდან აიკრძალა.
„ასევე აღსანიშნავია, რომ 2019 წლის თებერვალშივე ინიცირებულ იქნა კანონის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სექსუალური შევიწროების აკრძალვას, მათ შორის, საჯარო სივრცეში და აწესებს სანქციებს. სექსუალური შევიწროების რეგლამენტაცია ამ ფენომენთან საბრძოლველად გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რამდენადაც ასეთი შემთხვევების გამომწვევი, და ამავე დროს, გამოვლენისთვის შემაფერხებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, სწორედ შესაბამისი კანონმდებლობის არარსებობა იყო“, - წერია ანგარიშში და აღნიშნაულია, რომ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ეს ფორმა აქტუალური იყო წინა წლებშიც, თუმცა, საანგარიშო პერიოდში, ერთ-ერთი საჯარო პირის მიერ განხორციელებული სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, აღნიშნულ საკითხზე საუბარი თავად მსხვერპლებმა დაიწყეს.
„სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტები, ძირითადად, შრომით და სხვა სახის პროფესიულ ურთიერთობებს შეეხებოდა. აღსანიშნავია, რომ სამ შემთხვევაში სექსუალური შევიწროების ფაქტი დადგინდა”, - წერია ანგარიშში.
სახალხო დამცველი ანგარიშში აღნიშნავს, რომ ზოგადად, სექსუალური შევიწროების შესახებ მომართვინობა, ძალიან დაბალია, რასაც განაპირობებს საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულება, რომლის თანახმად, სექსუალური შევიწროება სოციალურად მისაღები ქცევაა, და მისი გამომწვევიც შეიძლება თავად მსხვერპლი იყოს.
სახალხო დამცველის ყოველწლიური საპარლამენტო ანგარიში მოიცავს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ ზოგად შეფასებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს. რეკომენდაციების მიზანია გაუმჯობესდეს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა კონკრეტულ სფეროში და მიმართულია პრაქტიკასა თუ კანონმდებლობაში არსებული დარღვევებისა და ხარვეზების აღმოფხვრისაკენ. სახალხო დამცველის საანგარიშო პერიოდი ძირითადად მოიცავს 2018 წელს, მაგრამ მასში ასევე გაანალიზებულია ის პრობლემები, რომლებიც მანამდე არსებულ პერიოდში წარმოიშვა და საანგარიშო პერიოდშიც გაგრძელდა.