თბილისის საკრებულოს სხდომაზე სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თედო ისაკაძემ, ტაქსების საკითხზე მსჯელობისას, ოპოზიციას მიმართა და განაცხადა, რომ გულის სიღრმეში ისინიც ხვდებიან, რომ ეს რეფორმა გასატარებელი და სწორი იყო. მისივე ინფორმაციით, ასეთი სახის რეგულაცია ყველა ცივილიზებულ ქალაქში არის და თბილისშიც უნდა იყოს. თედო ისაკაძემ მადლობა გადაუხადა ქალაქის მერს, რომ პრინციპულობა და შესაბამისი პოლიტიკური ნება გამოიჩინა ამ საკითხში.
„რაც შეეხება იმას, რომ ტაქსის მძღოლებს გადასახადები ემატებათ, ამ ინფორმაციას ვერ დავადასტურებ. პირიქით, ჩვენ ტაქსის მძღოლებისთვის სხვადასხვა სახის შეღავათებზე ვსაუბრობთ. კონკრეტულად მათთვის უფასო გაჩერებები გაკეთდება და მანქანების გადაღებვასაც უფასოდ შეძლებენ. რაც შეეხება ტაქსების ფერს, ტრანსპორტი არის ამა თუ იმ ქალაქის სავიზიტო ბარათი. ოპოზიცია ამბობს, რომ თეთრი ფერი ახირებაა. ასეთივე წარმატებით შეიძლება პრეტენზიები გქონდეს ყველა ფერთან დაკავშირებით. ეს არ არის ახირება, თეთრი არის ის ფერი, რომელზეც რეკლამა კარგად ჩანს და ეს ტაქსის მძღოლებისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება,“- განაცხადა თედო ისაკაძემ.
საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დასძინა, რომ ოპოზიცია ყველა გადაწყვეტილების დროს განაწყენებულ სეგმენტზე აკეთებს აქცენტს. მისი თქმით, ტაქსების რეფორმას გაცილებით მეტი მხარდამჭერი და კმაყოფილი მოქალაქე ჰყავს, ვიდრე უკმაყოფილო.