იელის უნივერსიტეტის სტუდენტი და მისი ოჯახი უნივერსიტეტის ადმინისტრაციისთვის, ქრთამის სახით, 1,2 მლნ დოლარის მიცემაშია ბრალდებული. როგორც გაირკვა, ფეხბურთის ყოფილმა მწვრთნელმა ქრთამი არათლეტური აღნაგობის სტუდენტის გუნდში ჩარიცხვისთვის აიღო.
იელის უნივერსიტეტი არ ასაჯაროებს სტუდენტისა და მისი ოჯახის წევრების ვინაობას, თუმცა BBC-ის ინფორმაციით, ეს შემთხვევა მარტის დასაწყისში, ფელისიტი ჰოფმენის საქმეს უკავშირდება.
შეგახსენებთ, რო სასოწარკვეთილი დიასახლისების ვარსკვლავს, ფელისიტი ჰოფმენს 13 მარტს, მასაჩუსეტსის პროკურატურამ 50 ადამიანთან ერთად პრესტიჟული სასწავლებლების თანამშრომლების მოსყიდვისთვის ბრალი წაუყენა. საქმეში ფიგურირებენ იელის, სტენფორდის, ჯორჯთაუნისა და სხვა რეიტინგული უნივერსიტეტების ის თანამშრომლები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ტესტირების შედეგებზე.
ჰოფმანი და სხვა ბრალდებულები რეიტინგული სკოლებისა და კოლეჯის თანამშრომლებს, ქრთამის სახით, რამდენიმე ათასს უხდიდნენ. საბოლოოდ, ისინი ტესტირებას მარტივად გადიოდნენ და ჩარიცხვის დასტურიც მოსდიოდათ.
სქემა 2011 წლიდან მუშაობდა და მასში ცნობილი მსახიობების, დიზაინერების, ბიზნესმენებისა და სხვა გავლენიანი პირების ბრალეულობა იკვეთება. რაც შეეხება ფელისიტის, გამოძიების ინფორმაციით, მან საწყის ეტაპზე 15 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა იმისთვის, რომ მისი შვილი ერთ-ერთ კოლეჯში ჩაერიცხათ. ჰოფმანი არარსებული საქველმოქმედო ორგანიზაციის ანგარიშზე თანხას რიცხავდა. საბოლოოდ, კი, მისი უფროსი შვილი გამოცდებს გამარტივებული წესით ჩააბარებდა. როგორც FBI-ის აგენტი, ჯოზეფ ბონავოლონტა ამბობს, მშობლები 200 ათასიდან 6,5 მილიონ აშშ დორამადე ხარჯავდნენ იმისთვის, რომ სასურველი შედეგი მიეღოთ.