შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ქალთა გაძლიერების ფორუმს დაესწრო, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის - PROLoG-ის და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების დასრულების შემდეგ ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, მათ შორის დანაშაულთან ბრძოლის კუთხით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებულ ღონისძიებებზე.
„გასული დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, მინისტრმა დეტალურად ისაუბრა. ძალიან ხშირად აქცენტი ხდება იმაზე, რომ მოხდა მაგალითად ყაჩაღობა, ძარცვა, მკვლელობა, თავისუფლების აღკვეთა. სამწუხაროდ, შემდეგ საუბარი აღარ გრძელდება, თუ რა რეაგირება მოაყოლა ამას პოლიციამ. ყველაფერი შესანიშნავად არ არის, დანაშაული ამ ქვეყანაში ხდება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია როგორია ამ ფაქტებზე პოლიციის რეაგირება. აბსოლუტურად ყველა გახმაურებული ფაქტი, რომელიც ბოლო პერიოდში მედიაში გადაიცა - გაიხსნა. დამნაშავეები არიან დაკავებულები, მათ შეეფარდათ პატიმრობა და ძალიან მკაცრი სასჯელი ემუქრებათ. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია - დაუსჯელი არც ერთი ქმედება არ რჩება, ამიტომ დანაშაულს თუ ჩაიდენთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან რეაგირება იქნება ძალიან მკაცრი.
რაც შეეხება ციფრებს, ცალკე აღებული ციფრებში ზრდა გვაქვს, თუმცა ამის მიზეზებზე არაერთხელ ვისაუბრეთ, ზოგ შემთხვევაში მატება გამოწვეულია აღრიცხვიანობის გაუმჯობესებით, ზოგ შემთხვევაში მართლა პრობლემაა. მაგალითად, არის იქ მუხლები, რომელიც კრიმინალური მენტალიტეტის პრობლემამ გამოიწვია. ჩვენ ეს ვთქვით, ვაღიარეთ და არაერთი ნაბიჯი უკვე გადავდგით. რიგი ქმედებები დასჯადად გამოვაცხადეთ. თვე არ გავა, რომ კანონიერი ქურდები, კრიმინალური მენტალიტეტის მქონე პირები არ დავაკავოთ. დღევანდელი დღეც ამის დასტურია. ანუ საკანომდებლო დონეზე ბევრი რამე გავასწორეთ, ყოველდღიურად ამის აღსრულება ხდება და გვაქვს ჩვენი გეგმა, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით, იმისთვის რომ ამ ქვეყანაში უსაფრთხოება იყოს გარანტირებული.“- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.