დღეს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დეპუტატებს საქმიანობის შედეგები გააცნო. მინისტრმა ისაუბრა საქართველო-რუსეთის სახელმწიფოთაშორის დავებზე, მათ შორის, ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე.
„საერთაშორისო დავები: როგორც იცით, წელს, 31 იანვარს, სტრასბურგის სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველომ რუსეთს მოუგო დავა დეპორტირებულების დავაზე კომპენსაციის ნაწილში. არსებით ნაწილში ეს დავა 2014 წელს დასრულდა საქართველოს გამარჯვებით. კომპენსაციის ნაწილშიც დადგა ჩვენს სასარგებლოდ გამარჯვება. რუსეთისთვის ეს არის უპრეცედენტო მარცხი, რადგან, თუ არ ჩავთვლით საერთაშორისო საზღვაო ნორმებიდან გამომდინარე რამდენიმე საერთაშორისო დავას, რუსეთი არცერთ სახელმწიფოთაშორის დავაზე აქამდე არ დამარცხებულა; ჩვენს სასარგებლოდ კი მას დაეკისრა 10 მლნ ევროს ოდენობის მორალური კომპენსაცია იმ დაზარალებულებისათვის გადასაცემად, რომლებიც დეპორტირებულ იქნენ მასობრივად 2006 წელს რუსეთიდან საქართველოში.
ამ საქმეზე, მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ 2012 წლის ოქტომბრიდან და ცრუ გახლავთ ის განცხადებები, რომელთა თანახმადაც, ეს დავა იქამდე იყო მოგებული. მე პასუხები არ მაქვს და, შესაბამისად, არ ვიცი, დღეს რამდენად მოვისმენ ამ პასუხებს, თუმცა, მინდა, გითხრათ კითხვა, რომელიც მაქვს: როდესაც წინა ხელისუფლებამ ეს დავა 4 634 მოქალაქის სახელით წარადგინა, რატომ დაურთო 4634 პირის სახელით შეტანილ სარჩელს მხოლოდ 118 პირის სია, რაც შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ უკვე ჩვენი ხელისუფლების პირობებში უსაყვედურა იუსტიციის სამინისტროს?! უკვე ჩვენ დაგვევალა ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რომ ეს 118-კაციანი სია შეგვევსო, თუკი ვიყავით მართლები, როდესაც ვამბობდით, რომ ჩვენი დაზარალებულების რიცხვი იყო 4 634. ჩვენ, პრაქტიკულად, ნულიდან დავიწყეთ ამ სიის შედგენა 10 წლისთავზე, რაც, მე ვიტყოდი, არის სირცხვილი. ჩვენ მოვახერხეთ, რომ ტელეფონით, მეილით და სხვა არხებით 1 795 მოქალაქე მოგვეძებნა 10 წლის შემდეგ და სწორედ მათი მონაცემები გაგვეგზავნა. იყვნენ მოქალაქეები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ისინი კვლავ დაბრუნდნენ რუსეთში და აღარ სურთ დავა, მაგრამ მათი რიცხვი არ იყო დიდი. ასეა თუ ისე, წარსული, ალბათ, უნდა ჩავაბაროთ წარსულს, თუმცა, კითხვის ნიშნები მაქვს და მაინტერესებს პასუხი დღეს ან სხვა დროს − რატომ მოხდა ასე და რატომ გახდა ჩემი მმართველობის პირობებში ეს საქმე გასაკეთებელი, რაც შეიძლებოდა მაშინვე, ცხელ კვალზე გაკეთებულიყო. ჩვენ მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში უკვე დავიწყეთ ზრუნვა ამ საქმის აღსრულებაზე, თუმცა, რუსეთს აქვს ჯერ კიდევ დარჩენილი ვადა − სამთვიანი ვადა იყო დადგენილი, რათა თანხა ჩარიცხოს", − განაცხადა თეა წულუკიანმა.