დღეს, ბრიუსელში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის კომიტეტის მე-10 სხდომა, რომელიც, საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში, მინისტრის მოადგილის დონეზე იმართება.
საგარეო საქმეTა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალური საკითხები, თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო პერსპექტივები. აღნიშნულ სხდომაზე ოფიციალურად დაარსდა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ქვეკომიტეტები 1. ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის საკითხებზე და 2. დასაქმებისა და სოციალური საკითხების, ჯანდაცვის, ტრეინინგის, განათლებისა და ახალგაზრდობის, კულტურის, საინფორმაციო საზოგადოებისა და აუდიოვიზუალური პოლიტიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების და ინოვაციების საკითხებზე.
ქართული მხრიდან სხდომას თავმჯდომარეობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია. ევროკავშირის მხრიდან - ევროკომისიის საგარეო ურთიერთობათა გენერალური დირექტორატის აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რესპუბლიკების საკითხების დირექტორატის ხელმძღვანელი გუნარ ვიგანდი. ასევე, სხდომაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს შესაბამისი უწყებებისა და ევროკომისიის სხვადასხვა გენერალური დირექტორატის წარმომადგენლები.
სხდომაზე ყურადღება გამახვილდა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის, ამასთანავე, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხებზე; მათ შორის, ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესაძლებლობაზე, სავიზო რეჟიმის გამარტივებასა და მის შემდგომ ეტაპობრივ ლიბერალიზაციაზე, ასევე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში.
შეხვედრაზე განხილულ იქნა, აგრეთვე, საქართველოში კანონის უზენაესობის, დემოკრატიისა და მმართველობის, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სფეროში არსებული მდგომარეობა. ქართულმა მხარემ ევროპულ მხარეს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია ქვეყანაში ხსენებულ სფეროებში ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ თუ მომავალში დაგეგმილ რეფორმებსა და ღონისძიებებზე.
სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით არსებულ ვითარებაზე. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ქვეყანაში უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით ევროკავშირის როლის შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობას, მათ შორის ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ფუნქციონირების გაგრძელებისა და მისი შესაძლებლობების გაზრდის, ჟენევის მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის, ევროკავშირის არაღიარების პოლიტიკის განხორციელების გზით.