ბორანოს მომზადების წესსა და ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ბორანო ტრადიციული აჭარული სამზარეულოს შემადგენელი კერძია, რომელიც მესაქონლეობის, კერძოდ, რძის პროდუქტების წარმოება განვითარების საფუძველზეა მიგნებული და ჩამოყალიბებული. მისი ისტორია საუკუნეების სიღრმეში იკარგება და კულინარიაში რძის პროდუქტების გამოყენებას უკავშირდება.
მერძევეობისა და შესაბამისი სამზარეულო სიახლეების მიგნება განვითარება მესაქონლეობის წიაღში პროდუქტების მრავალფეროვან ასორტიმენტს ამკვიდრებდა, რაც ტრადიციულ სამზარეულოში კერძის სახეობათა ნაირგვარობას უწყობდა ხელს.
ტრადიციული ფორმით, ბორანო – ესაა იაღში ჩალბობილი ყველი. ბორანო მაღალი კალორიულობით ხასიათდება. ტრადიციულ აჭარულ სამზარეულოში ბორანო არ იყო სეზონური საკვები. სურვილისა თუ საჭიროებისამებრ იგი ყოველთვის გამოიყენებოდა, მას მეორენაირად აჭარული სუფრის „სასწრაფო დახმარებასაც“ ეძახიან, რადგანაც მისი მომზადება დიდ დროს არ მოითხოვს და აჭარელ დიასახლისს საშუალებას აძლევს სტუმარსა თუ ოჯახის წევრს დროის მცირე მონაკვეთში გაუმასპინძლდეს. თანამედროვეობაში ბორანო, ძირითადად, აჭარის მოსახლეობისათვის, აჭარული სამზარეულოსათვისაა დამახასიათებელი.
ბორანო, როგორც აჭარასთან ასოცირებული კერძი, თანდათანობით მკვიდრ ადგილს იჭერს საქალაქო ცხოვრებაში, კერძოდ, ბათუმისა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტების სარესტორნო მომსახურების სფეროში. ბორანო საქართველოს სხვა ქალაქების, მაგალითად, თბილისის, ტრადიციული კერძების მენიუშიც იმკვიდრებს თავს.