საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო საყოველთაო განხილვის კომისიის შემაჯამებელი სხდომა დასრულდა. საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-საჯარო განხილვის კომისია ორგანულ კანონთან, საკუთრების უფლებასთან და გუბერნატორების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით შეთანხმდა.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მიღწეულია შეთანხმება, რომ ორგანული კანონი კონსტიტუციაში დარჩება და გარდა ამისა, შესაძლებელია გათვალისწინებული იყოს მემარჯვენეების შეთავაზება შრომის კოდექსისა და საგადასახადო კოდექსისთვის ორგანული კანონის რანგის მინიჭების თაობაზე. თუმცა მემარჯვენეების ინიციატივაზე, უკვე პარლამენტი იმსჯელებს.
საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით, მოხდა შეთანხმება, რომ მემკვიდრეობის უფლება დაცული იქნება, ისევე, როგორც საკუთრების უფლება. განსაკუთრებულ შემთხვევაში საკუთრების უფლების ჩამორთმევისას მოხდება მისი, როგორც სამართლიანი და წინასწარი, ასევე სრული ანაზღაურება.
შეთანხმდნენ გუბერნატორების დანიშვნის საკითხთან დაკვშირებითაც. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით, გუბერნატორები უნდა დაენიშნა მხოლოდ პრემიერ-მინისტრს. სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ გუბერნატორებს არა კონკრეტულად პრემიერ-მინისტრი, არამედ მინისტრთა კაბინეტი დანიშნავს.
"შეთანხმება მიღწეულია სამ ძირითად საკითხზე. კერძოდ კი ახალ რედაქციაში ორგანული კანონი პირვანდელი სახით დარჩება. ასევე საკუთრების უფლების ახალი გარანტიები შემოვა. რაცშეეხება გუბერნატორების დანიშვნის საკითხს, მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ მას არა მარტო პრემიერ-მინისტრი, არამედ მთლიანად მთავრობამ უნდა ნიშნავდეს", _ განაცხადა ბაქრაძემ.
ბაქრაძის განმარტებით, ეს აუცილებელია, რათა მომავალი მთავრობა იყოს კოალიციური და გუბერნატორების დანიშვნაში ყველა პოლიტიკური ძალა იყოს ჩართული.