"ვაფრთხილებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეეშვას სახიფათო თამაშს. ის ვინც ჩაშლის ანაკლიის ისტორიულ პროექტს, ხალხი დაახრჩობს ანაკლიის ღრმაწყლოვან ზღვაში. გინდ სიმბოლურად გაიგეთ ეს სიტყვები გინდ, ასე ვთქვათ, სხვა მნიშვნელობით. არავის არ ეპატიება ამ პროექტის ჩაძირვა. კეთილი ინებეთ და გამოფხიზლდით უმრავლესობა და ეს საკითხი განვიხილოთ პარლამენტში ყველამ ერთად", - ამის შესახებ თიბისი ბანკის საქმესთან დაკავშირებით "ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
რომან გოცირიძის თქმით, თიბისი ბანკის ირგვლივ შექმნილმა ვითარებამ, შესაძოა დააზარალოს ანაკლიის ისტორიული პროექტი და მის დაფინანსებას საფრთხე შეექმნას.
"გუშინ, თიბისი ბანკის დამფუძნებლებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ არაორაზროვნად და პირდაპირ განაცხადეს, რომ საფრთხეშია ანაკლიის ისტორიული პროექტი. შესაძლებელია, პროექტმა ინვესტორებისგან დაფინანსება ვერ მიიღოს და ივნისში დაგეგმილი შეხვედრა წარუმატებლად დასრულდეს", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
შეგახსენებთ, რომ 14 თებერვალს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერებასთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, ეროვნულმა ბანკმა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევას მოითხოვა. ამისთვის კი თიბისი ბანკის აქციონერთა კრებას 2-თვიან ვადა დაუწესა.
ეროვნული ბანკის ცნობით, მისი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებია, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება.
თიბისი ბანკი გამოეხმაურა ეროვნული ბანკის განცხადებას და განაცხადა, რომ ის გააგრძელებს აღნიშნულ თემაზე სასამართლო დავას და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად.
შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში დაიწყო ,,თიბისი ბანკის“, მისი კლიენტი იურიდიული პირების, ბანკის ადმინისტრატორებისა და ცალკეული აქციონერების ფინანსური აქტივობების შესწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ ამ აქტივობებში აშკარად იკვეთებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები.