"მინდა სოფელ უდაბნოს მცხოვრებლებს მოგილოცოთ თქვენს სოფელში ასეთი ლამაზი საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა, რომელიც უკვე მეთორმეტეა კახეთის რეგიონში", აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სოფელ უდაბნოში საზოგადოებრივი ცენტრის გახსნისას.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი მოვლენაა ნებისმიერი სოფლისთვის, რადგან საზოგადოებრივი ცენტრების შექმნის იდეა სწორედ იმას ემსახურება, რომ რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ ისარგებლოს ყველანაირი მომსახურებით და სერვისით.
"ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტი სწორედ ის არის, რომ თანაბრად განვავითაროთ საქართველოს ყველა რეგიონი, შესაბამისად ეს არის იმის წინაპირობა, რომ ჩვენ შევქმნათ ახალი ეკონომიკური მოდელი რეგიონებში და კიდევ უფრო წავახალისოთ ეკონომიკური განვითარება, ახალი სიცოცხლე შევიტანოთ ჩვენს ყველა სოფელში, მოსახლეობას შევუქმნათ ერთიანი პირობები ცხოვრებისა და განვითარებისთვის.
ჩემთვის პირადად განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ხელმისაწვდომობა ჰქონდეს თანაბრად ისეთ სერვისებზე, როგორიცაა ხარისხიანი განათლება, ჯანდაცვა და სოციალური ინფრასტრუქტურა. ამ მიმართულებით სულ უფრო წინ მივდივართ და დღეს საქართველოს მასშტაბით უკვე 63-ე საზოგადოებრივ ცენტრს ვხსნით და რამდენიმე კვირაში გავხსნით კიდევ ახალ ცენტრს ტყიბულში. ეს ცენტრები მოსახლეობას ზუსტად ისეთივე ხარისხის მომსახურებას აწვდის, როგორც ნებისმიერ დიდ ქალაქში.
მინდა გითხრათ, რომ უდაბნოში საზოგადოებრივი ცენტრის არსებობა თქვენ გაგიმარტივებთ 200-ზე მეტი სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისზე წვდომას, თქვენ გექნებათ სწრაფი, კომფორტული მომსახურება.
ჩვენი ახალგაზრდები და მოზარდები შეძლებენ ისარგებლონ უახლესი ტექნიკით, თანამედროვე სტანდარტების ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკით, შეხვედრების ოთახით და უფასო ინტერნეტით.
კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, არ აქვს მნიშვნელობა, სად იზრდებიან ჩვენი ბავშვები და მოზარდები, ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი წვდომა ამ სერვისებზე.
აღსანიშნავია, რომ ცენტრში განთავსდება კერძო კომპანიების ფილიალებიც, რომლებიც შემოგთავაზებენ თავიანთ მომსახურებას. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ პენსიონერები, რომლებიც სოფელში ცხოვრობენ, პენსიას ადგილზე მიიღებენ", აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.