ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებული, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ს.ა. დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 28 მაისს, ს.ა. თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში საბაჟო-გამშვებ პუნქტ ,,კარწახის“ გავლით შემოვიდა და ტანსაცმელში დამალვის გზით, საქართველოში უკანონოდ შემოიტანა ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველი 26 აბი და 9 აბის ნატეხი (0,0619 გრ.), სამ პაკეტად დაფასოებული, 5,4584 გრ. ,,მორფინი“ (მარილი), 3,6389 გრ. ,,კოდეინი“ (მარილი),1,7287 გრ. ,,თებაინის“ შემცველი პლასტიკური მასა და ორ პაკეტად დაფასოებული, ნარკოტიკული საშუალება ,,მეტამფეტამინის“, შემცველი კრისტალური ნივთიერება (0,5666 გრ.)
სამართალდამცველებმა ს.ა. 2018 წლის 28 მაისს დააკავეს. პირადი ჩხრეკისას მისგან ამოღებული იქნა აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერებები. ს.ა.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.