ევროპის პალატის მიერ გამოქვეყნებული „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2019“ რეიტინგის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი, წინა წელთან შედარებით, 2 ადგილით გაუმჯობესდა და მე-18 ადგილიდან მე-16 ადგილზე გადაინაცვლა ევროპის 46 ქვეყანას შორის. 2019 წელს საქართველოს სარეიტინგო ქულა გაუმჯობესდა 1.98 პუნქტით და 71.0 ქულა შეადგინა.
ევროპის პალატის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგი ქვეყნების შეფასების წყაროდ იყენებს მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთებისა“ და საერთაშორისო გამჭვირვალობის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ რეიტინგის მონაცემებს. შესაბამისად, ქვეყნებისთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა ეფუძნება აღნიშნული რეიტინგების ქულებს.
- მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების“ 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ უპრეცენდენტოდ დიდ წარმატებას მიაღწია და მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-6 ადგილი დაიკავა. რეიტინგში წინა წელთან შედარებით ქვეყნის პოზიცია 3 ადგილით გაუმჯობესდა, ხოლო სარეიტინგო ქულა - 0.48 პუნქტით და შედეგად, ქვეყანას 2019 წელს ისტორიული მაქსიმუმი - 83.28 ქულა აქვს.
- საერთაშორისო გამჭვირვალობის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ მიერ 2019 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით „კორუფციის აღქმის ინდექსში” ქვეყნის სარეიტინგო ქულა გაუმჯობესდა და ქვეყანა წინა წელთან შედარებით 5 პოზიციით დაწინაურდა და 180 ქვეყანას შორის 41-ე ადგილზე გადმოინაცვლა 58 ქულით.
„ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2019“ წლის რეიტინგში საქართველო რეგიონის ქვეყნებს შორის ლიდერია. საქართველო რეიტინგში წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ლიეტუვა (მე-18 ადგილი), ლატვია (მე-19 ადგილი), პოლონეთი (მე-20 ადგილი), სლოვენია (22-ე ადგილი), ჩეხეთი (23-ე ადგილი), სლოვაკეთი (25-ე ადგილი), ბელორუსია (27-ე ადგილი), ხორვატია (29-ე ადგილი), მაკედონია (31-ე ადგილი), უნგრეთი (32-ე ადგილი), თურქეთს (34-ე ადგილი), სომხეთი (39-ე ადგილი), ყაზახეთი (40-ე ადგილი), მოლდოვა (42-ე ადგილი), რუსეთი (42-ე ადგილი), აზერბაიჯანი (44-ე ადგილი) და უკრაინა (46-ე ადგილი).
რეიტინგის ლიდერია დანია 86 ქულით, რომელსაც მოყვება ნორვეგია და შვედეთი, ხოლო რეიტინგში ბოლო - 46-ე პოზიციაზეა უკრაინა.
ევროპის პალატის 2019 წლის კვლევა „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის“ აფასებს ბიზნესის მთლიან კონტექსტს, რომელიც შედგება კორპორატიული გარემოს, კანონმდებლობის, სამთავრობო პოლიტიკის, სოციალური გარემოსა და პირობებისაგან, რომლებიც შესაძლებლობას აძლევს ან პირიქით ხელს უშლის კერძო სექტორს როგორც ბიზნესის დაწყების, ასევე წარმოებისა და გაფართოების თვალსაზრისით, როგორც მოკლე, ასევე, გრძელვადიან პერიოდში.
ქვეყნებისთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა განისაზღვრება 0-დან 100 ქულამდე, სადაც 0 ქულა წარმოადგენს ყველაზე ცუდ მდგომარეობას ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემოს კუთხით, ხოლო 100 ქულა კი - საუკეთესოს.