The New York Times-მა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან თეთრი სახლის ოვალურ ოფისში ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნა. ინტერვიუში ტრამპი სხვადასხვა საკითხებზე საუბრობს, ცენტრალური ადგილი ისევ საზღვარზე კედლის მშენებლობასა და ნენსი პელოსის საქმიანობას შეეხებოდა.
ტრამპის განცხადებით, ის აუცილებლად გააგრძელებს კედლის მშენებლობას, საქმეს ბოლომდე მიიყვანს და თვლის, რომ ამ კონტექსტში კონგრესთან მოლაპარაკებები დროის ამაო ხარჯვაა.
მიუხედავად იმისა, რომ ტრამპს არ უხსენებია მთავრობის ხელახალი დახურვა, აღნიშნა, რომ კედლის აშენება მისთვის პრიორიტეტულია და საამისოდ შესაძლოა საგანგებო მდგომარეობაც გამოაცხადოს.
ამავდროულად, ტრამპი კედლის აშენების საქმეში კვლავინდებურად მთავარ ხელისშემშლელ ფიგურად კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსის ასახელებს და თვლის, რომ მისი საქმიანობა ქვეყნისთვის ზიანის მომტანია.
„ვფიქრობ, ნენსი პელოსის საქმიანობა ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდ ზიანს აყენებს. მასთან ადრე აქტიურად ვთანამშრომლობდი, მაგრამ ახლა არ ვფიქრობ, რომ ეს გაგრძელდება. მისი საქმიანობა აზიანებს ჩვენს ქვეყანას. თუ ის არ დათანხმდება კედლის მშენებლობას, ეს კიდევ უფრო მეტად დააზარალებს ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნა ტრამპმა
ტრამპმა ასევე ისაუბრა აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების შესახებ და კმაყოფილება გამოთქვა შეთანხმების მიღწევისკენ წინ გადადგმული ნაბიჯების გამო. ტრამპის თქმით, იგი ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს უახლოეს მომავალში შეხვდება
ამასთან, მან სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელობასთან დაპირისპირება მკაცრად უარყო.
ტრამპმა ასევე ისაუბრა თავის საპრეზიდენტო საქმიანობაზე და აღნიშნა, რომ მას უყვარს ეს საქმე. თუმცა იმასაც ამბობს, რომ ბევრი ფული დაკარგა.
„მე დავკარგე ბევრი ფული ამ სამუშაოს შესრულებისას. ეს არ არის მხოლოდ ფულის დაკარგვა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფინანსური დანაკარგი მთელი ცხოვრების განმავლობაში. თქვენ იცით, რომ საბედნიეროდ მე არ მჭირდება ფული. მე მიყვარს ეს სამსახური“, - თქვა პრეზიდენტმა.
მან ასევე ისაუბრა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე. ის ფიქრობს, რომ არ უნდა შიშობდეს რესპუბლიკელები გაიწვევენ, თუმცა რამდენიმე რესპუბლიკელი ამას ითხოვს. „მე პარტიის დიდი მხარდაჭერა მაქვს“, - დასძენს ტრამპი.