საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას თქმით, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში ჩართული ყველა დანაყოფის და სხვა რამდენიმე დანაყოფის სამხედრო მოსამსახურები განახლებული სახელფასო უზრუნველყოფით ისარგებლებენ და მათი ხელფასი 100-დან 500 ლარამდე გაიზრდება.
"მხოლოდ 2019 წელს მათი რაოდენობა იქნება 7000-ზე მეტი, ეს განპირობებულია იმით, რომ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში ჩართული ყველა დანაყოფის სამხედრო მოსამსახურე მიიღებს განახლებულ სახელფასო უზრუნველყოფას, რომელიც 100 ლარიდან 500 ლარის ფარგლებში მერყეობს, წოდებებიდან გამომდინარე. თუმცა სხვა დანაყოფებიც მიიღებენ ახალ სახელფასო უზრუნველყოფას", - ლევან იზორიამ თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
იზორიამ დაძინა, რომ სახელფასო უზრუნველყოფა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია და აქვთ ამბიცია, რომ გაუმჯობესებლი სახელფასო უზრუნველყოფით ისარგებლონ მთელმა თავდაცვითმა ძალებმა სრულად და ყველა სამხედრო მოსამსახურეს ჰქონდეს გაუმჯობესებული სახელფასო პირობები.
"რაც შეეხება სახელფასო უზრუნველყოფას, ესეც ერთ-ერთი პრიორიტეტი გახლავთ... უფრო გაფართოვდება სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა ვინც განახლებულ და გაუმჯობესებულ ხელფასებს მიიღებს 2019-2020 წლებში", - განაცხადა ლევან იზორიამ.
თავდაცვის მინისტრის თქმით, სამინისტრო ასევე გეგმავს სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფას, რომელთა წინაშეც ეს ვალდებულება სახელმწიფოს კონტრაქტით აქვს აღებული.