საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში მისი დამაარსებლის, დიდი მეცნიერის, საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და პირველი პრეზიდენტის, მათემატიკისა და მექანიკის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელის, აკადემიკოს ნიკო მუსხელიშვილის ბიუსტი გაიხსნა.
სტუ-ის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში, ასევე, დაარსდა ინსტიტუტის ყოფილი ხელმძღვანელების, ცნობილი მეცნიერების - დავით კვესელავასა და ნიკო ვახანიას სახელობის კაბინეტები იმ ღვაწლის უკვდავსაყოფად, რაც მათ ინსტიტუტის დღევანდელი სახის ჩამოყალიბების პროცესში მიუძღვით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფ. ზურაბ გასიტაშვილი, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფ. ზურაბ წვერაიძე, გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი, პროფ. ვახტანგ კვარაცხელია, საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის პრეზიდენტი გიორგი ჯაიანი და პრეზიდიუმის წევრები, საქართველოს მათემატიკის საზოგადოების წევრები, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლები, ასევე, ნიკო მუსხელიშვილის, დავით კვესელავას და ნიკო ვახანიას ოჯახის წევრები.
სტუ-ის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფ. ვახტანგ კვარაცხელიამ ისაუბრა ნიკო მუსხელიშვილის დიდ როლზე ინსტიტუტის დაარსება-ჩამოყალიბების პროცესში და ყოფილი დირექტორების, გამოჩენილი მათემატიკოსების დავით კვესელავასა და ნიკო ვახანიას არსებით წვლილზე, რაც მათ ინსტიტუტის განვითარებაში შეიტანეს. როგორც ვახტანგ კვარაცხელიამ აღნიშნა, დავით კვესელავასა და ნიკო ვახანიას სახელობის კაბინეტებში განთავსებულია ამ დიდი მეცნიერების მდიდარი მათემატიკური ბიბლიოთეკა, რაც ინსტიტუტს მეცნიერთა ოჯახებმა უსახსოვრეს.
„გასული საუკუნის 50-იან წლებში ბატონმა ნიკომ სწორად განჭვრიტა გამოთვლითი მათემატიკისა და ინფორმატიკის განვითარების პერსპექტივები და მნიშვნელობა, როგორც წმინდა მეცნიერული, ასევე გამოყენებითი თვალსაზრისით. მისი დამსახურება იყო, რომ საბჭოთა კავშირში, მსგავსი ტიპის დაწესებულებებს შორის ჩვენი ინსტიტუტი ერთ-ერთი პირველი გაიხსნა. ახლად შექმნილი ინსტიტუტის წარმატებული საქმიანობა ბევრად იყო დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ იქნებოდა მისი ხელმძღვანელი. აქაც არ უღალატა ბატონ ნიკოს ალღომ, როცა მან ინსტიტუტის დირექტორად დანიშნა ახალგაზრდა, ნიჭიერი მათემატიკოსი, პროფესორი დავით კვესელავა. სულ მალე გამოთვლითმა ცენტრმა დაიკავა განმსაზღვრელი ადგილი საქართველოში ელექტრონული გამოთვლითი ტექნიკის ათვისების, მისი გამოყენების ტრადიციების ჩამოყალიბებისა და დამკვიდრების საქმეში. ბატონი დავითის შემდეგ ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა გამოჩენილი მათემატიკოსი, აკადემიკოსი ნიკო ვახანია, რომლის ხელმძღვანელობითაც მნიშვნელოვნად გაფართოვდა ინსტიტუტის თეორიული თუ გამოყენებითი ამოცანების სპექტრი და საერთაშორისო კავშირები. ამჟამად, ინსტიტუტი განთავსებულია შესანიშნავ შენობაში, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილის დიდი დამსახურებაა და აქ, პატივს მივაგებთ დიდი ნიკო მუსხელიშვილის ხსოვნას, დავით კვესელავას და ნიკო ვახანიას ხსოვნას, ვხსნით აკადემიკოს ნიკო მუსხელიშვილის ბიუსტს, დავით კვესელავას და ნიკო ვახანიას სახელობის კაბინეტებს და ვფიქრობთ, გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი მომავალშიც დარჩება ქართული მატემატიკური მეცნიერებებისა და მრავალი მნიშვნელოვანი მოვლენის განვითარების ადგილად“, განაცხადა ვახტანგ კვარაცხელიამ.ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფ. გასიტაშვილმა ისაუბრა იმ განუზომელ როლზე, რაც აკადემიკოს ნიკო მუსხელიშვილს საქართველოში ზოგადად მეცნიერებისა, და, კერძოდ, მათემატიკური მეცნიერების განვითარების პროცესში მიუძღვის.
შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის პრეზიდენტმა, ასევე, პროფესორებმა - დავით ნატროშვილმა, თამაზ ვაშაყმაძემ და სხვებმა.საღამოს დასასრულს, სტუ-ის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორმა ინსტიტუტის ღვაწლმოსილ თანამშრომლებს საპატიო სიგელები გადასცა.