აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სპეციალური ტელემიმართვისას, წარმოადგინა გეგმა მთავრობის შეჩერებული საქმიანობის სრულად აღსადგენად და დემოკრატებს კომპრომისზე წასვლა შესთავაზა.
ტრამპი კვლავინდებურად ითხოვს თანხას საზღვარზე კედლის ასაშენებლად, სანაცვლოდ კი დემოკრატებს ე.წ. „მეოცნებეების“ სტატუსის სამი წლით გახანგრძლივებას სთავაზობს.
ე.წ. „მეოცნებეებს“ უწოდებენ იმიგრანტებს, რომლებიც აშშ-ში არასრულწლოვნები ჩამოიყვანეს და განათლებას ამერიკულ სკოლებში იღებდნენ. ასეთ პირებს, რომლებსაც იმავდროულად არ ჰქონდათ ნასამართლეობა, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ქვეყანაში ცხოვრების უფლება მისცა. ობამას ამ პროგრამით, რომელსაც DACA-ს უწოდებენ, მთლიანობაში 700 000 პირი სარგებლობდა.
დონალდ ტრამპმა „თეთრ სახლში“ მოსვლისთანავე მიზნად დაისახა, DACA-ს გაუქმება და კონგრესსაც მიმართა აღნიშნული პროგრამის მარეგულირებელი აქტის გასაუქმებლად. მოგვიანებით, სასამართლომ DACA-ს შენარჩუნება დაავალა ტრამპის ადმინისტრაციას.
ტელემიმართვისას ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკული საიმიგრაციო სისტემა უნდა იყოს ყველასთვის საამაყო და არა სირცხვილის მიზეზი, სწორედ ამიტომაც ის მოუწოდებს ყველა დაპირისპირებულ მხარეს კომპრომისზე წასვლისკენ.
ტრაპმის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული ჩიხიდან გამოსვლის გეგმის მიხედვით, კონგრესმა საზღვარზე ბარიერის ასაშენებლად უნდა გამოყოს 5,7 მლრდ დოლარი, 800 მლნ დოლარი გადაუდებელი ჰუმანიტარული საჭიროებებისათვის, 800 მლნ-მდე დოლარი სასაზღვრო პუნქტების უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიებისთვის, რომელიც ამოიცნობს საზღვარზე ნარკოტიკულ საშუალებებს. მან ასევე მოითხოვა, სასაზღვრო აგენტების დამატება.
გეგმის ამოქმედების სანაცვლოდ, ტრამპის ადმინისტრაცია დემოკრატებს „მეოცნებეებისთვის“ სტატუსის 3 წლით გახანგრძლივებას ჰპირდება. ასევე სტატუსს 3 წლით გაუხანგრძლივებს იმ 300 000-მდე ადამიანს, რომლებსაც დროებითი დაცული პირების სტატუსი (TPS) აქვთ. ეს ადამიანები იმ ქვეყნებიდან არიან, სადაც მათი დაბრუნება უსაფრთხო არ იქნება.
აღსანიშნავია, რომ ტრამპის ტელემიმართვის დაწყებამდე, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა დემოკრატების ლიდერმა ნენსი პელოსმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ დემოკრატები, მიუხედავად იმისა, რომ იმედოვნებდნენ, ტრამპს რეალური გეგმა ექნებოდა მთავრობის მუშაობის ასამოქმედებლად, მხარს ვერ დაუჭერენ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ გეგმას.
„პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული თითოეული წინადადება არის მიუღებელი და სავარაუდოდ ის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს პალატაში. საბოლოო ჯამში კი ეს გეგმა არ იძლევა დიალოგის დაწყების საშუალებას“, - ნათქვამია პელოსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.