დღეს, 15 იანვარს, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ბრექსიტის შეთანხმების კენჭისყრა გაიმართება.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ, "ბრექსიტის" შეთანხმების კენჭისყრამდე, კიდევ ერთხელ მიმართა ბრიტანეთის პარლამენტს და მოუწოდა მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რაც ქვეყნისთვის იქნება საჭირო.
"რეფერენდუმის შედეგები ყველასთვის ნათელი იყო - ბრიტანელ ხალხს სურს, მათი მომავალი ევროკავშირის წევრობის გარეშე წარიმართოს. ასე, რომ ჩემი გზავნილი პარლამენტისადმი არის ძალიან მარტივი: დროა დაივიწყოთ თამაშები და გააკეთოთ ის, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება", - დაწერა ტერეზა მეიმ მიკრობლოგ "ტვიტერზე".
გუშინ, 14 იანვარს, ტერეზა მეი სიტყვით გამოვიდა პარლამენტში და კიდევ ერთხელ მოუწოდა ბრიტანელ კანონმდებლებს ბრექსიტის დოკუმენტის მხარდაჭერისკენ. მისი თქმით, პარლამენტში ბრექსიტის შეთანხმების „ჩავარდნა“ გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.
თუ შეთანხმება ვერ მიიღწევა (რაც სრულიად შესაძლებელია, რადგან წინასწარი პროგნოზით, შეთანხებას ხმას 200 დეპუტატი მისცემს, 400-ზე მეტი კი წინააღმდეგ წავა), განიხილება სხვადასხვა ვარიანტი, მათ შორის ევროკავშირიდან გასვლა შეთანხმების გარეშე, რაც გაერთიანებული სამეფოსთვის, შესაძლოა კატასტროფად იქცეს და ახალი არჩევნები ან ახალი რეფერენდუმი. არჩევნებიც და რეფერენდუმიც მოითხოვს ბრექსიტისის გადადებას უფრო შორეული ვადით.
შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ პარლამენტში 11 დეკემბერს დაგეგმილი კენჭისყრა ბრექსიტის შეთანხმების შესახებ გადადო.