ვისურვებდი, რომ ვიდრე გარეთ გამოვიდოდა კონკრეტული საკითხები, გუნდში მომხდარიყო მსჯელობა და გადაწყვეტილებების მიღება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მმართველი გუნდის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიიდან დეპუტატ ეკა ბესელიას შესაძლო გარიცხვასთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი თქმით, მისთვის გარეთ საუბარი კატეგორიულად მიუღებელია.
"მე ყოველთვის მომხრე ვარ იმის, რომ თუ რაიმე უთანხმოებაა, რაღაც გაურკვევლობაა კონკრეტულ საკითხებზე, შესაძლოა, ეს ნორმალურიც იყოს, როდესაც უმრავლესობის ამხელა შემადგენლობაა ყველა საკითხზე შეუძლებელია იყოს ერთიანი ხედვა, თუმცა, ვისურვებდი, რომ ვიდრე გარეთ გამოვიდოდა კონკრეტული საკითხები, გუნდში მომხდარიყო მსჯელობა და გადაწყვეტილებების მიღება. შესაძლოა, რაღაცაზე ვერ შევთანხმებულიყავით, შესაძლოა, პირიქით, შევთანხმებულიყავით, ამიტომ, ჩემთვის, გარეთ საუბარი კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ვიმსჯელებთ ამაზე და ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებებს", - განაცხადა კალაძემ.