"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე გაერო-ს მიერ დამტკიცებულ რეზოლუციას, რომელშიც აღიარებულია აფხაზეთიდან და ე.წ სამხრეთ ოსეთიდან დევნილი ადამიანების უფლებები, ქართული დიპლომატიის გამარჯვებად არ მიიჩნევს. ამის შესახებ ყოფილმა პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ბურჯანაძის აზრით, არ შეიძლება ქართული დიპლომატიის გამარჯვებად ჩავთვალოთ იმ რეზოლუციის დამტკიცება, რომელსაც წინა წლისგან განსხვავებით მხარი მხოლოდ ორით მეტმა წევრმა სახელმწიფომ დაუჭირა.
"გაეროს 200-დე წევრი ჰყავს და როდესაც რეზოლუციას მხოლოდ 50 უჭერს მხარს, ამას დიპლომატიურ გამარჯვებად ვერ მივიჩნევთ", - განაცხადა ბურჯანაძემ და დასძინა, რომ ეს რეზოლუცია დევნილების ცხოვრებას სასიკეთოდ ვერ შეცვლის.
შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აღიარა "ყველა იძულებით გადაადგილებული პირის და დევნილის და მათი შთამომავლების უფლებები, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, საკუთარ სახლებში დაბრუნების თაობაზე". ასამბლეაზე მიღებულ იქნა რეზოლუცია "აფხაზეთიდან, საქართველო, და ცხინვალის რეგიონიდან / სამხრეთ ოსეთი, საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა მდგომარეობის შესახებ".
რეზოლუციაში გამოხატულია შეშფოთება კონფლიქტების შედეგად საქართველოში დემოგრაფიული სიტუაციის ძალისმიერი შეცვლის შესახებ.
ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ხაზგასმულია, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ, იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა ქონებრივი უფლებების დაცვის აუცილებლობა და აღნიშნულია, მათი საკუთრების შეძენაზე თავის შეკავების შესახებ. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ გენერალური ასამბლეა დემოგრაფიული ვითარების ძალისმიერად შეცვლას დაუშვებლად მიიჩნევს.
კენჭისყრის მიხედვით რეზოლუციას მხარი დაუჭირა 50 სახელმწიფომ, წინააღმდეგ მისცა ხმა 17-მა, ხოლო 86-მა სახელმწიფომ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.