აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე ამერიკული ტელეკომპანია "mtv"-ის პარტნიორი ბრიტანული კომპანიის "ნეონ ენჯელ"-ის წარმომადგენლებს რიჩარდ კორამს და გორდონ ადგის შეხვდა.
შეხვედრაზე ჯაბა ფუტკარაძემ აჭარაში არსებულ ეკონომიკურ პროცესებზე ისაუბრა. საუბარი ასევე აჭარის საინვესტიციო პოტენციალს, ზოგადად საინვესტიციო პროცესებს და ამ კუთხით დაგეგმილ პროექტებს შეეხო.
წამყვანი ბრიტანული კომპანიის წარმომადგენლები აჭარის ტურისტული პოტენციალით არიან დაინტერესებულები. მათ შეხვედრაზე ამ მიმართულებით ერთობლივი საქმიანობის მზაობა გამოთქვეს.
მხარეებმა ასევე ეკონომიკისა და კულტურის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები თორნიკე კუჭავა და არჩილ ვანაძე და ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ქრისტინე ძიძიგური ესწრებოდნენ.