ჩვენ ვიცით, რომ ლუგარის ლაბორატორის მიმართ არის რუსეთის პროპაგანდის მიზანმიმართული დამოკიდებულება და ეს ვრცელდება ქართული საზოგადოების ხელით, რაც ძალიან საკვირველია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ლუგარის ლაბორატორია არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, მნიშვნელოვანი ჯანდაცვის კუთხით და ბევრ სიკეთეს იღებს ქვეყანა ამ ლაბორატორიისგან.
"მინდა, ვისარგებლო კითხვით და მივმართო მაყურებელს თუ მსმენელს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი თავს უფლებას აძლევს გააკეთონ კომენტარები ლუგარის ლაბორატორიაზე იმ დროს, როცა არ მგონია, რამე კომპეტენცია ჰქონდეთ გააკეთონ ეს კომენტარები, რომელიც კეთდება სოციალურ ქსელებში. ისევ ვუბრუნდებით იმ თემას, რომ სოციალური ქსელები გახდა ამ ცრუ ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი საშუალება ამ შემთხვევაში. ჩვენ ვიცით, რომ ლუგარის ლაბორატორის მიმართ არის რუსეთის პროპაგანდის მიზანმიმართული დამოკიდებულება და ეს ვრცელდება ქართული საზოგადოების ხელით, რაც ძალიან საკვირველია. მინდა, მოვუწოდო სიფრთხილისკენ, რადგან ლუგარის ლაბორატორია არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანი ჯანდაცვის კუთხით და ბევრ სიკეთეს ვღებულობთ ჩვენ ამ ლაბორატორიისგან, რომელიც დღეს არის ქართული, საქართველოს უწყება და არა ამერიკული, როგორც უნდა რომ გამოაჩინონ. თუმცა, დახმარება იყო დიდხანს და იმის მაგივრად, რომ ეს დავაფასოთ და გავაგრძელოთ მისი მუშაობა ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სასარგებლოდ, აქ არის ხელოვნურად შემოტანილი დაძაბულობის ნიშნები. მინდა, მოვუწოდო ყველას, რომ ძალიან დიდი სიფრთხილით მოეკიდონ ამ საკითხს", - განაცხადა პრეზიდენტმა.