ჩემი შესაფასებელი არ არის ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს მმართველი გუნდის შიგნით, როგორ განვითარდება ეს პროცესები, ჩემი გადასაწყვეტი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვლილმა მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მას კარგი ურთიერთობები აქვს ყველა მონაწილესთან, ვინც ჩაბმულია დაპირისპირებაში.
"მე თუ მეკითხებით ჩემს პირად გრძნობებს გუნდის რომელიმე წევრის მიმართ, ეს არ არის ის ადგილი, სადაც მე ჩემი პირადი ურთიერთობები უნდა გაგიზიაროთ რომელიმე წევრის მიმართ და სხვათაშორის, კარგი ურთიერთობები მაქვს ყველა მონაწილესთან, ვინც ჩაბმულია ამ პროცესებში. ერთადერთი იმას ვიტყოდი, რომ მოვედი როგორც საქართველოს პრეზიდენტი და დავიწყე საქმიანობა ამ ფუნქციაში იმ იმედით, რომ მე ვიქნებოდი ერთგვარი შერიგების პრეზიდენტი. იმედი მაქვს, რომ ის შერიგება, რომელიც სხვანაირად მქონდა წარმოდგენილი, ასევე გავრცელდება მმართველ გუნდზე და რომ ეს დღევანდელი პოლიტიკური დისკუსიები თუ დეპატები ამ პროცესების ირგვლივ, არ გადაიქცევა რამე უფრო ღრმა დაპირისპირებად. იმაში კიდევ უფრო დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყანას მეტი დაწყნარება, მეტი კონსენსუსი სჭირდება მთავარ საკითხებზე და მემგონი, რომ სწორედ სასამართლო, მისი დამოუკიდებლობა და მის მიმართ ნდობა ერთ-ერთი საკითხია, რომლის ირგვლივ ყველა გაერთიანებული უნდა იყოს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რას გააკეთებს ის შერიგებისთვის, მან უპასუხა, რომ არ ჩაერევა.