ეკა ბესელიას ეს დაპირისპირება არ დაუწყია, – ამის შესახებ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ „ქართული ოცნების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
მისი თქმით, კოლექტიურმა ზარდიაშვილებმა ორჯერ მიუტოვეს ბესელიას კომიტეტი და იქიდან დაიწყო ეს დაპირისპირება
„ეკა ბესელიას არ დაუწყია ეს დაპირისპირება. როდესაც რაღაცას ვიხსენებთ, უნდა გავიხსენოთ ყველაფერი. ჩემი დაპირისპირებაც თავიდან ზუსტად იმასთან დაკავშირებით იყო, რომ ეს გუნდი დაუპირისპირდა ჯერ ბესელიას, მერე კვირიკაშვილს, ამიტომ ამ ადამიანებისთვის თუ შეიძლება დაპირისპირება, ე.ი. ბიძინა ივანიშვილისგან ყოფილა ზევით გუნდში დაპირისპირების წახალისება.
თქვენ გახსოვთ, კოლექტიურმა ზარდიაშვილებმა ორჯერ მიუტოვეს ბესელიას კომიტეტი, იქიდან დაიწყო ეს დაპირისპირება, თუნდაც კონსტიტუციაში ჩანაწერებთან მიმართებაში, ეს საიდუმლოს არ წარმოადგენს. მათ კიდევ უფრო გამარტივებულად უნდოდათ, რომ იუსტიციის საბჭოსთვის დაკომპლექტების წესი შეეცვალათ, რომ იქ პარლამენტი საერთოდ ჩარეულიყო“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ გაუგებარი იყო ეკა ბესელიას განცხადება, როდესაც მან კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება მოსამართლეების არჩევის საკითხს დაუკავშირა.