იუსტიციის საბჭოს წევრები რომ ამდენ უფლებას აძლევენ თავის თავს, პარლამენტის თავმჯდომარის ბრალეულობაა, რადგან მან მისცა საბჭოს წევრებს მოტივაცია, რომ ასე ესაუბრონ მისი გუნდის წევრებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ისინი არიან მძიმე მდგომარეობაში, საერთოდ გაცდნენ სამოსამართლეო საქმიანობას, გაიხადეს მანტიები და შევიდნენ პოლიტიკურ ველზე.
„ტონი, რომელიც ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ ისმის, ძალიან შეურაცხმყოფელია პარლამენტისთვის, ჩვენი კოლეგებისთვის. ისინი რომ ამდენ უფლებას აძლევენ თავის თავს, პარლამენტის თავმჯდომარის ბრალეულობაა, რადგან მან მისცა საბჭოს წევრებს მოტივაცია, რომ ასე ესაუბრონ მისი გუნდის წევრებს. ჩვენ არ მივცემთ მათ ასე ლაპარაკის უფლებას. კანონმდებლობით, ზოგადი კრიტერიუმები გაწერილია, მაგრამ ზოგად კრიტერიუმებსაც არ აკმაყოფილებენ ეს ადამიანები, ვერც პატიოსნებას, ვერც მაღალი ღირსების შეგნებას, ვერც თავისუფლების მაღალ სტანდარტს. ეს უცხოა ამ ადამიანებისთვის. თავისუფლების რა მაღალ სტანდარტზეა საუბარი, როდესაც უამრავი ადამიანი ჰყავთ გაუბედურებული. ჩვენ უნდა დავიცვათ ამ ადამიანებისგან უზენაესი სასამართლო“, - განაცხადა გოგიჩიაშვილმა.