ზემო თელეთში შვილმა ხანდაზმული დედა დაჭრა.
ექიმების განცხადებით, პაციენტს დაზიანებული აქვს ფილტვი და ღვიძლი. მათივე ცნობით, დაჭრილს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
„პაციენტს ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს. ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია. დაზიანებული იყო ფილტვი, დიაფრაგმა, ღვიძლი. დაზიანებული სტრუქტურების მთლიანობა აღდგა. პაციენტი ამჟამად იმყოფება პოსტოპერაციული მეთვალყურეობის ქვეშ რეანიმაციულ განყოფილებაში. მდგომარეობა სტაბილურია, შეესაბამება პოსტოპერაციულ პერიოდს“, - განაცხადა ზოგადმა ქირურგმა მარინე ლიჩელმა.
შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. მათივე ცნობით, დედის დაჭრაში ბრალდებული შვილი უკვე დაკავებულია.