საპარლამენტო უმრავლესობაში საკადრო ცვლილებები შეიძლება, მხოლოდ საპარლამენტო თანამდებობებთან იყოს დაკავშირებული, ვის აირჩევს პარლამენტი კომიტეტის თუ ფრაქციის თავმჯდომარედ ან ვის გადაირჩევს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი თქმით, პარლამენტი არ წარმოადგენს ვერტიკალური ხელისუფლების განშტოებას, სადაც უფროსის ნებაზეა დამოკიდებული მისი მოადგილის თუ ხელქვეითის საკითხი.
რაც შეეხება ეკა ბესელიას მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას, ქუცნაშვილი ამბობს, რომ ეს მისი გადასაწყვეტია.
„არ მგონია, სწორი იყოს, ვუკარნახოთ კოლეგებს, ჩვენს თანამებრძოლებს, ვინ სად უნდა იყოს. ეს მათი გადასაწყვეტია. ყველა თავისუფალი ადამიანია და ყველა თავად იღებს თავის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.