უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხის მიმართ ეკა ბესელიას დამოკიდებულება უფრო უკეთესად ვიცი, ვიდრე ირაკლი კობახიძის, რადგან ეკა ბესელიას გაცხადებული აქვს ეს, რომ მოსამართლეების საკითხს უკავშირდება მისი გადაწყვეტილება, მე მისი მჯერა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
ის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურის განხილვას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ძალიან სამწუხარო ფაქტი იქნება, თუ იურიდიულ კომიტეტს უხელმძღვანელებს ადამიანი, რომელსაც მკაფიო პოზიციები არ აქვს მოსამართლეებთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევა მისი დასჯაა.
„არ არის მკაფიო ანრი ოხანაშვილის პოზიციები მოსამართლეებთან დაკავშირებით, ყოველ შემთხვევაში მისი მკაფიო პოზიცია მათ მიმართ არ მსმენია. ეს იქნება ძალიან სამწუხარო ფაქტი, თუ იურიდიულ კომიტეტს უხელმძღვანელებს ადამიანი, რომელსაც მკაფიო პოზიციები არ აქვს ამ მოსამართლეებთან დაკავშირებით. ამ საკითხის მიმართ ეკა ბესელიას დამოკიდებულება უფრო უკეთესად ვიცი, ვიდრე ირაკლი კობახიძის. რადგან ეკა ბესელიას გაცხადებული აქვს ეს, რომ მოსამართლეების საკითხს უკავშირდება მისი გადაწყვეტილება, მე მისი მჯერა. დასჯა გამოვიდა გედევან ფოფხაძის, ასეთი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.