გუნდი არის ძლიერი, მას ჰყავს ძლიერი მენეჯმენტი და შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება ის, რომ ჩვენ ასეთივე რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას 2018 წლის ბოლომდე და ასეთივე რეჟიმში მოვემზადებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
კითხვაზე - შესაძლოა თუ არა, დაიშალოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ გუნდი არის მყარი და რაც შეეხება საკონსტიტუციო უმრავლესობას - ეს მმართველი გუნდისთვის პრინციპული საკითხი არ არის, რადგან კონსტიტუციაში ცვლილებები შესატანი არ არის. მისივე თქმით, მცირე გადაადგილებები ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს.
„გუნდი არის მყარი. რაც შეეხება საკონსტიტუციო უმრავლესობას, პრინციპული ეს ჩვენთვის არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები არ არის შესატანი. კონსტიტუცია არის მიღებული და ჩვენ გამოვიარეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. შესაბამისად, საკონსტიტუციო უმრავლესობას, ზოგადად, აღარ აქვს პრინციპული მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის და ზოგადად. აქედან გამომდინარე, გუნდთან დაკავშირებით, ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ გუნდი არის მყარი. რაც შეეხება მცირე გადაადგილებებს, როგორიც მოხდა, მაგალითად, დღეს იურიდიული კომიტეტის შემთხვევაში, ასეთი მცირე გადაადგილებები შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს, თუმცა, რაც შეეხება, ზოგადად, გუნდის სიძლიერეს, გუნდი არის ძლიერი, მას ჰყავს ძლიერი მენეჯმენტი და შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება ის, რომ ჩვენ ასეთივე რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას 2018 წლის ბოლომდე და ასეთივე რეჟიმში მოვემზადებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.