დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტი 927 მილიონ ლარია, რაც 2018 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 66 მილიონი ლარით მეტია. თბილისის მთავარი საფინანსო დოკუმენტი დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უკვე დაამტკიცა.
927 მილიონი ლარიდან საშემოსავლო ნაწილი 900 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან, საგადასახადო ნაწილი დაახლოებით, 658 მილიონი ლარია; გრანტების ნაწილი - 51 მილიონი, ხოლო სხვა შემოსავლები 190 მილიონ ლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის 20 მილიონი ლარით არის გაზრდილი.
2019 წლის განმავლობაში, ბიუჯეტის მოცულობა მილიარდ ლარს გადააჭარბებს, ვინაიდან სპეციალური ტრანსფერის სახით დაემატება მინიმუმ 75 მილიონი ლარი, ასევე, გარდამავალი ნაშთი.