პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ფარგლებში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც რელიგიურ თემებთან დაკავშირებული ერთიანი კანონპროექტის მომზადებაზე იმუშავებს, - ამის შესახებ დღევანდელ სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თუ გავითვალისწინებთ რელიგიის თემაზე დაგროვებულ სხვადასხვა გააქტიურებულ საკითხს, უმჯობესი იქნება ფართო ჩართულობის სამუშაო ჯგუფში მოხდეს მათი განხილვა.
„გთავაზობთ, მსჯელობა გადავიტანოთ სამუშაო ჯგუფის ფორმატში, სადაც შეგვიძლია განვიხილოთ როგორც სხვადასხვა ნორმატიულ აქტში რელიგიის საკითხების დარეგულირების შესაძლებლობა, ისე რელიგიის შესახებ კანონის პროექტის მომზადება. დეპუტატებთან ერთად ჯგუფში ჩართულობას ვთხოვთ არასამთავრობო სექტორს, საქართველოში წარმოდგენილი რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს და ყველა დაინტერესებულ მხარეს", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ინიციატივას კომიტეტის სხდომაზე დამსწრე რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები დადებითად გამოეხმაურნენ. სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა 21 იანვარს ჩაინიშნა.