სადგურ სამტრედია I-ში საწარმოო შემთხვევა მოხდა.
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ინფორმაციით, სამუშაოს შესრულების პროცესში, სამორიგეო კოშკურიდან 56 წლის გ.ს. გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
მათი ცნობით, რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის შრომის ინსპექტორები მომხდარს ადგილზე შეისწავლიან და შესაბამის დასკვნას უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებენ.
„შრომის სამინისტროს ინსპექტირების დეპარტამენტმა გასულ წელს შეამოწმა სს „საქართველოს რკინიგზა“ და სამუშაო პროცესში შრომის უსაფრთხოების დარღვევის უამრავი ფაქტი გამოავლინა. გაცემული სარეკომენდაციო წერილი შვიდას გვერდს შეადგენს. აგრეთვე, ძალაში შევიდა და ამოქმედდა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი, რომელიც დამსაქმებელს რიგ ვალდებულებებს აკისრებს, მათ შორის, უსაფრთხო სამუშაო გარემოს ორგანიზების პროცესში პროფკავშირის ჩართვისა და მონაწილეობის შესახებ.
რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი სრულ მზადყოფნას გამოთქვამს და მოუწოდებს ადმინისტრაციას დაუყოვნებლივ დაიწყოს თანამშრომლობა პროფკავშირთან შრომის უსაფრთხოების სათანადოდ ორგანიზების საკითხში“, – აღნიშნავენ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირში.