საარჩევნო უბნებზე ჩაცუცქულებიც იყვნენ, ჩამსხდრებიც, აყუდებულებიც და დაყუდებულებიც, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტში შს მინისტრის, გიორგი გახარიას სიტყვით გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
მან გახარიას „ჩემი ცოლის დაქალების“ ყურება ურჩია, რაზეც გახარიამ თქვა, რომ ამაზე დროს ვერ დაკარგავს.
„მე ვერ მივიღე პასუხი ჩემს შეკითხვაზე - რა როლი მიუძღვის ამ არჩევნებში კრიმინალს და თანამშრომლობდა თუ არა ხელისუფლება ქუჩის წვრილფეხა თუ მსხვილფეხა კრიმინალთან. თქვენ ირონიულად მოიხსენიეთ, რომ თითქოსდა ეს ჩაცუცქულობის ინსტიტუტი, მათ შორის საარჩევნო პროცესში არ არსებობს. საარჩევნო უბნებზე ჩაცუცქულებიც იყვნენ, ჩამსხდრებიც, აყუდებულებიც და დაყუდებულებიც. „ჩემი ცოლის დაქალებს“ თუ არ უყურებთ, გირჩევთ, რომ უყუროთ. 2 წლით ადრე აკეთებს პროგნოზს, თუ რა მოხდება მომავალში. ჩაცუცქულობა, რომ აღდგა თქვენს დროს, ეს ისედაც ნათელია და არა მხოლოდ ამ ფილმით“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.