პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისა და ზაზა სარალიძის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრის, ირაკლი აბესაძის კითხვაზე შს მინისტრის პასუხს რეპლიკები მოჰყვა.
გიორგი გახარიამ საპარლამენტო უმრავლესობის მისამართით განაცხადა, რომ ის, რაც მათ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის ფარგლებში გააკეთეს, პარლამენტისა და საქმისთვის უდიდესი წარუმატებლობა იყო.
„როდესაც ატრიალებთ ამ ფრაზებს, ამას ვეძახი მე თქვენს ფსევდოინტელექტუალურ ცეკვებს კამერების წინ. შეგიძლიათ, გააგრძელოთ, მე გთავაზობთ შინაარსობრივ საუბარს, სად წახვალთ ამ ფსევდოინტელექტუალური უმიზნო და აბსულუტურად უაზრო დებატებით. გთავაზობთ ერთ რამეს, შინაარსობრივ კონტექტსში არანაირი პრობლემა არ გვაქვს. თქვენი შეკითხვების არც მე და არც ჩემს გუნდს არ გვეშინია, არასოდეს გვეშინოდა, რადგან ლოგიკურად საკმაოდ სუსტად მსჯელობთ. ის, რაც თქვენ გააკეთეთ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, ამ პარლამენტისა და საქმისთვის უდიდესი წარუმატებლობა იყო“, – განაცხადა გახარიამ, რასაც დარბაზიდან დეპუტატ ელენე ხოშტარიას რეპლიკა მოჰყვა.
ხოშტარიამ გახარიას ჰკითხა, სად არის დავით სარალიძის მკვლელი და რას აპირებენ აღნიშნულ საქმეზე.
„შინაგან საქმეთა მინისტრი ხართ და მაიმუნობთ. საერთოდ შინაარსი ვერ გამოვიტანე, რას ლაპარაკობთ. ან მკვლელი სად არის, ან რას აპირებთ“, – ჰკითხა ხოშტარიამ გახარიას.