აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთის მერის მირიან ქათამაძის საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს დაესწრო.
ქალაქის მერმა მიმოიხილა მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაწეული საქმიანობა და მიმდინარე წლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევად მოქალაქეებზე ორიენტირებული ბიუჯეტის შემუშავება დაასახელა. მერმა ხაზი გაუსვა საინვესტიციო გარემოს შექმნის ხელშეწყობის უზრუნველყოფისთვის მზაობას ქალაქ ქობულეთის სწორი სივრცითი მოწყობის გათვალისწინებით. ასევე, ქალაქის პერიფერიული დასახლებების კეთილმოწყობის აუცილებლობას.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მერს საინტერესო ანგარიშისთვის და მომავალში წარმატებები უსურვა.
,,დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი წელი იქნება მიზნების განხორციელების წელიწადი. ჩვენ გვჭირდება ძალიან თამამი გადაწყვეტილებები, უფრო მეტი ტემპი და დინამიკა.
თითოეული ქობულეთელის ცხოვრება უნდა გახდეს უკეთესი და არცერთი ადამიანი არ დარჩეს განვითარების მიღმა.
ქობულეთს დიდი პოტენციალი აქვს. მომავალი სეზონი უნდა იყოს იდეალური ტურისტებისთვის და აჭარის თითოეულმა მცხოვრებმა იგრძნოს მნიშვნელოვანი სასიკეთო ცვლილებები"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
რეგიონის პირველმა პირმა ასევე, ქობულეთში მთავრობის სხდომის გამართვა დააანონსა.
ღონისძიებას მთავრობის წევრები, საკანონმდებლო ორგანოს და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.