ივანიშვილს ნუ ჰგონია, რომ ახალ წლებს გადააგორებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელია დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება წინასწარ იყო მიღებული.
მისივე განცხადებით, დავით კირკიტაძე არის წარმატებული პოლიტიკოსი, მან ორჯერ მოუგო რუსთავი სალომე ზურაბიშვილსა და ბიძინა ივანიშვილს.
„პოლიციელების კანონიერ მოთხოვნებს აუცილებლად უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ უკანონო მოთხოვნებს არ დავემორჩილებით. ხელისუფლება როდესაც კანონს არათუ არღვევს, არამედ არაფრად მიაჩნია არც კონსტიტუცია და უბრალოდ მხოლოდ შუშის სასახლეზე აქვს სწორება მთელ ბიუროკრატიას, ასეთ შემთხვევაში, საზოგადოებამ უნდა აიღოს კანონი ხელში. ამას გავაკეთებთ. ხელისუფლება რაც უფრო ღრმად შეტოპავს ასეთი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ეშხში, მით უფრო მალე დასრულდება. ჩვენ გავიარეთ ძალიან გრძელი და რთული პერიოდი, ახლა დარჩა ძალიან მოკლე რთული პერიოდი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ცნობისთვის, დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.