დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაპუნა დავითაიას განცხადებით, უახლოეს მომავალში საზღვარგარეთის ქვეყნებში ქართული მხარე დანიშნავს დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებიც კოორდინაციას გაუწევენ იქ მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას. ამის შესახებ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაპუნა დავითაიამ სასტუმრო "რედისონში" მიმდინარე ამბასადორიალზე განაცხადა.
"საზღვარგარეთ მცოხვრებ ქართველ დიასპორასთან ჩვენი დამოკიდებულება შეიცვალა და ჩვენი მიზანია მათი ჩართვა, როგორც საქართველოს პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. ამ კუთხით ქართველ ელჩებს დღეს იმ პროგრამებს გავაცნობთ, რომელსაც ჩვენი უწყება გეგმავს. ამასთან ჩვენ დავნიშნავთ წარმომადგენლებს დიასპორის საკითხებში, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყანაში მცოხვრებ ქართველებთან კოორდინირებულად იმუშავებენ", - განაცხადა დავითაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, აუცილებელია საქართველოში ხალხს ახსოვდეს ქართული დიასპორა არა მხოლოდ იმ უარყოფითი კუთხით, რის გამოც ისინი იძულებულები გახდნენ ქვეყანა დაეტოვებინათ, არამედ დადებითით, კერძოდ კი მათი ატქიური მონაწილეობით ქვეყნის მშენებლობაში.