გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ფოთში, მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის რეაბილიტირებული ნაგებობა გახსნეს. რეაბილიტაცია შპს „საქართველოს მელიორაციამ“ განახორციელა, რაზეც 1 336 000 ლარი დაიხარჯა. ჩატარდა ყველა საჭირო სამუშაო იმისთვის, რომ შესაძლო წყალდიდობების შემთხვევაში, ნაგებობა მზად იყოს გაატაროს წყლის მაქსიმალური მოცულობა.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაგებობა - როგორც წყლის დონის, ისე ნაკადის რეგულირებისათვის, რათა სტიქიური უბედურებების დროს ქალაქი ფოთი და მიმდებარე ტერიტორიის სასოფლო-სამეურნეო ფართობები არ დაიტბოროს. იგი აგებულია 1959 წელს და ფაქტობრივად სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის მას სჭირდებოდა კაპიტალური რემონტი, რაც განახორციელა კომპანია მელიორაციამ. ეს მნიშვნელოვანი საქმეა ქალაქ ფოთისთვის და მიმდებარე სოფლებისათვის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მომავალი წლიდან მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის ნაგებობასთან ახლოს მდებარე ხიდის რეაბილიტაციას იწყებს, რომლის შესახებაც მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ისაუბრა.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს და არა ერთ პროექტს ვახორციელებთ. ჩვენ სამინისტროს ბევრი პროექტი აქვს ფოთში, მათ შორის არის გენერალური განვითარების გეგმა, რომლის შემუშავებაც უკვე მიმდინარეობს. ასევე, დაგეგმილია ფოთის ხიდის რეაბილიტაცია. აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების ბანკისგან გვაქვს თანხმობა ამ პროექტის დაფინანსებაზე, რომელიც მომალ წელს დაიწყება. ეს არის პროექტი, რომელსაც ფოთის მოსახლეობა წლების განმავლობაში ელოდებოდა“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
პროექტის ფარგლებში აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა სარეგულაციო ჰიდროკვანძს, რომელიც კაშხლისა და რაბრეგულატორისგან შედგება, ახლით შეიცვალა ამორტიზებული ელექტრომექანიკური მოწყობილობები; გარემონტდა წყალგამყოფი კაშხლის კონსტრუქცია და მისი დამხმარე ნაგებობები; კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია. ობიექტის მთელს ტერიტორიაზე აქტიური სამუშაო პროცესები ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის რეაბილიტირებული ნაგებობის გახსნას ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, ადგილობრივი თვთმართველობისა და სამინისტროების შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.