ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრო გიორგი ქობულია აბაშის მუნიციპალიტეტის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ წინაშე არსებული პრობლემებით დაინტერესდა. მასთან ერთად შეხვედრას დაესწრნენ აბაშის რაიონის მაჟორიტარი პარლამენტარი ოთარ დანელია და აღნიშნული მუნიციპალიტეტის მერი ლევან მაკალათია.
შეხვედრაზე ბიზნეს წრეების წარმომადგენლებმა ისაუბრეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების კერძო სექტორის მართვაში გადასვლის პროცედურის გამარტივებაზე, საბანკო დაკრედიტების სიძვირესა და ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე. აღინიშნა, რომ აბაშაში, რომლის ეკონომიკაც, ძირითადად, სასოფლო-სამეურნეო სექტორზეა დამოკიდებული, მნიშვნელოვანია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული დაუმუშავებელი მიწების კერძო სექტორისთვის გადაცემის საკითხის გადაწყვეტა.
შეხვედრაზე აბაშელმა ფერმერებმა აღნიშნეს, რომ ისინი მზად არიან აბაშის სოფლის მეურნეობის სექტორში მეტი ინვესტიცია განახორციელონ, თუკი მათ სახელმწიფო მიწებს სიმბოლურ ფასად გადასცემს.
„ჩვენთვის, მთავრობისთვის მნიშვნელოვანია ასეთი მიწების ჩართვა ეკონომიკურ ცხოვრებაში," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
იქ შეკრებილ ბიზნესმენებს მოუწოდა ბიზნეს გეგმების შემუშავებისკენ. გარდა ამისა, გიორგი ქობულიამ აბაშის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს გააცნო საკრედიტო - საგარანტიო ფონდის ინიციატივა, რომელიც 2019 წლიდან ამოქმედდება და მნიშვნელოვნად გაამარტივებს ბიზნესისთვის დაფინანსების მოძიებას. ამ სიახლემ აბაშელებს შორის დიდი დაინტერესება გამოიწვია.
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა აბაშაში განვითარებული ცალკეული მიმართულებებისა და მათ მიმართ სახელმწიფო დახმარების შესაძლებლობებზე. ერთ-ერთ ასეთ მიმართულებად თევზის რეწვა დასახელდა, რომელიც აბაშაში არის განვითარებული. სექტორის წარმომადგენლებმა სურვილი გამოთქვეს, რომ მთავრობამ მეტი ყურადღება მიაქციოს საგზაო და სხვა სახის ინფრასტრუქტურის განვითარებას მუნიციპალიტეტის იმ ტერიტორიაზე, სადაც მეთევზეობა ან უკვე არსებობს, ან სამომავლოდ ინვესტიციის განხორციელება იგეგმება.
აბაშის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდანს ეწვია და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო. მთავარ საკითხებს შორის, რომელიც მაიდნელებს აინტერესებდათ, მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, გაზიფიკაცია და ინტერნეტიზაცია იყო. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ლოკალური საგზაო ინფრასტრუქტურისა და სოციალური დაცვის საკითხები.