ყვარლის ტყეში ცეცხლის ჩაქრობას ვერტმფრენებით ცდილობენ, თუმცა ხანძრის ლიკვიდირება ამ დრომდე ვერ ხერხდება. შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხანძარი მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
ხანძრის ჩაქრობაში სატყეო დეპარტამენტი, სახანძრო-სამაშველო სამსახური და ადგილობრივი მოსახლეობაც არის ჩართული.
ცეცხლი 20 ჰექტარამდე ტყეს ყვარლიდან 5 კილომეტრში, ე.წ. ვაზოვანის ტერიტორიაზე უკიდია.
შეგახსენებთ, რომ ხანძარი ტყეში გუშინ, 15:00 საათისთვის შენიშნეს. მთელი დღის განმავლობაში ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის თანამშრომლები ცეცხლის ჩაქრობას უშედეგოდ ცდილობდნენ.
გუშინვე ხანძარი იყო ყვარლის რაიონის სოფლების მთისძირის და საბუეს ტყეებშიც. სოფელ შილდის თავში კი რამდენიმე ჰექტარზე საძოვრები დაიწვა.
ხანძრის გაჩენის მიზეზების დასადგენად შს ყვარლის რაიონულ სამმართველოში გამოძიება მიმდინარეობს.