ყვარლიდან 5 კილომეტრში, ე.წ. ვაზოვანის ტერიტორიაზე, დაახლოებით 20 ჰექტარზე ტყის მასივი იწვის.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ გია ცინცაძემ განუცხადა, ადგილზე კახეთის სამაშველო სამსახურის და შსს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები არიან მობილიზებულები.
„ხანძარი ისეთ ადგილზეა, სადაც სახანძროს მანქანები ვერ უდგებიან. ცეცხლის ჩაქრობას ხელით ვცდილობთ, თუმცა ალბათ ვერტმფრენის დახმარება დაგვჭირდება", - აღნიშნა ცინცაძემ.
შეგახსენებთ, ხანძარი ტყეში გუშინ, 15:00 საათისთვის შენიშნეს. მთელი დღის განმავლობაში ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის თანამშრომლები ცეცხლის ჩაქრობას უშედეგოდ ცდილობდნენ.
გუშინვე ხანძარი იყო ყვარლის რაიონის სოფლების მთისძირის და საბუეს ტყეებშიც. სოფელ შილდის თავში კი რამდენიმე ჰექტარზე საძოვრები დაიწვა.
ხანძრის გაჩენის მიზეზების დასადგენად შს ყვარლის რაიონულ სამმართველოში გამოძიება მიმდინარეობს.