ახალი საბანკო რეგულაციების ამოქმედება, რომელიც საბანკო სესხებზე შეზღუდვებს ითვალისწინებდა, გადაიდო. ეროვნულ ბანკში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ახალირეგულაციების ამოქედების ვადად 2019 წლის 1-ლი აინვარი განისაზღვრა.
შეზღუდვები, რომელიც ჯერ 1-ელ ნოემბერს, შემდეგ კი 15 ნოემბერს უნდა ამოქედებულიყო, მხოლოდ საბანკო სექტორზე ვრცელდებოდა, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან კი რეგულაციები არასაბანკო ორგანიზაციებსაც შეეხება.
ეროვნულმა ბანკმა, ახალი რეგულაციების მიზეზად ე.წ ჭარბვალიანობის პრობლემა დაასახელა. სები კომერციულ ბანკებს ავალდებულებს, სესხის გაცემამდე მსესხებლის გადახდისუნარიანობა შეამოწმოს. ბანკის მიერ მსესხებლის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვან ანალიზად ჩაითვლება, თუ ის მოახდენს მსესხებელი/თანამსესხებელი პირის შემოსავლების, ხარჯებისა და ჯამური ვალდებულებების დეტალურ ანალიზს.
ახალი რეგულაციების მიხედვით, იცვლება სესხის მოცულობის ლიმიტები, გაცემის წესი, ვადები და კოეფიციენტები.
ეროვნულ ბანკს ახალი რეგულაციების საბოლოო ვერსია ჯერ არ გამოუქვეყნებია.
შეგახსენებთ, რომ ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულების პროექტი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომენტარებისათვის ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივლისში გამოაქვეყნა. დებულების მიზანია საქართველოს საფინანსო სისტემის სტაბილური და მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ჯანსაღი დაკრედიტების წახალისება და მსესხებელთა დაცვა არაპროპორციული ფინანსური რისკებისგან. პროექტი საბოლოო რედაქციამდე ექვემდებარებოდა როგორც პრინციპულ, ისე შინაარსობრივ და ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს. ამ პერიოდის განმავლობაში ეროვნულ ბანკს ჰქონდა აქტიური კომუნიკაცია დაინტერესებულ მხარეებთან და მათთან ჩართულობით არაერთი შეხვედრა გაიმართა.