სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე კოოპერატივ „წალკა 2014-ის“ მეპაიეებს შეხვდა და რძის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.
კოოპერაციული საწარმო „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შენდება და წლის ბოლოს ამოქმედდება. რძის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო, რომლის წარმადობა დღიურად 1,5 ტონას შეადგენს, უზრუნველყოფს თანამედროვე ტექნოლოგიებით მაღალი ხარისხის რძის პროდუქტების წარმოებას.
კოოპერატივში გაერთიანებულ 29 ადგილობრივს შესაძლებლობა ეძლევა სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვით აწარმოონ რძის პროდუქტები და უკვე საბოლოო პროდუქტის რეალიზაციის შედეგად მიიღონ გაზრდილი შემოსავალი.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საწარმო აღიჭურვება რძის მიმღებ-გადამმუშავებელი დანადგარებით და ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოებით. კოოპერატივს ასევე გადაეცემა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მხრიდან თანადაფინანსებას წარმოადგენს საწარმოს შენობა-ნაგებობის აშენება, რომელშიც განთავსება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადაცემული დანადგარები.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს 10 ახალი კოოპერაციული საწარმო ამოქმედდება.
„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნედლი რძის მიმღებ-გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმოების შექმნის სტიმულირება.