საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები ბიზნეს-სექტორთან შეხვედრებს იწყებენ. პირველი ასეთი ღონისძიება 2018 წლის 14 ნოემბერს, 13:00 საათზე, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“, პალატის საბჭოს ფორმატში გაიმართება. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოში ამ ეტაპზე გაერთიანებულია საქართველოს ყველაზე მსხვილი 38 აქტიური ბიზნეს-ასოციაცია, მათ შორის სექტორული ბიზნეს-გაერთიანებებიც.
შეხვედრას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე გახსნიან. ღონისძიების პირველ ნაწილში გაიმართება პრეზენტაცია „სასამართლო და ბიზნესი“, რომლის ფარგლებშიც იუსტიციის უმაღლესი საბჭო ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხებზე კერძო სექტორს უწყების საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შეიქმნა მოსამართლეთა ახალი ვიწრო სპეციალიზაცია , რომელიც განიხილავს, სანივთო სამართლებრივ დავებს, იურიდიული პირების რეგისტრაცია-მართვასთან დაკავშირებულ დავებს, სამეწარმეო სამართლებრივ დავებს და აღნიშნულიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებულ დავებს, თუ სარჩელის ფასი აღემატება 500 ათას ლარს. (კომერციული დავები)ერთი წლის შემდეგ კი საბჭოს გადაწყვტილებით, სპეციალიზაციას დაემატა ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავები. პრეზენტაცისას საუბარი იქნება საქმეების განხილვის სტატისტიკურ მონაცემებზე.
ბიზნეს-სექტორს საშუალება ექნება მათთვის აქტუალურ საკითხებზე მოსამართლეებს შეკითხები პირადად დაუსვან და პრობლემატიკა წარუდგინონ. შეხვედრაში მონაწილეობას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები და სხვადასხვა ინსტანციის მოსამართლეები მიიღებენ.
საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის შექმნა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობაში ერთ-ერთი პრიორიტეტია. პალატა სახელმწიფოსა და კერძო სექტორებს შორის ერთგვარი შუამავლის ფუნქციას ასრულებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ ერთ-ერთი პირველი საჯარო-კერძო დიალოგის ტიპის შეხვედრა სწორედ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გამართა. აღნიშნულ შეხვედრაზე საბჭოს წევრებს პალატის ეკონომიკურ-სამართლებრივი კომიტეტის წევრი საკონსულტაციო კომპანიები შეხვდნენ. მთავარი განსახილველი საკითხი ბიზნეს-დავები იყო.