გაზრდილია საინვესტიციო პროდუქციის იმპორტი, რაც კერძო სექტორის მიერ ინვესტიციების ზრდას უკავშირდება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას. მისი განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს საგარეო ვაჭრობის ტენდენციებს.
„აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, შეინიშნება ჩვენი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდა. 2017 წელს ექსპორტი 30%-მდე გაიზარდა, მიმდინარე წლის 9 თვეში ზრდა 26%-ზე მეტია. აღსანიშნავია, რომ ექსპორტის ზრდა გამოიწვია საერთაშორისო ბაზარზე საექსპორტო პროდუქციის ფასების მატებამ, თუმცა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ექსპორტირებული პროდუქციის რაოდენობაც. იმპორტში ზრდა 18%-ზე მაღალია. თუმცა, ამ შემთხვევაში, ზრდა ძირითადად, გამოწვეულია იმპორტირებულ პროდუქტებზე საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდით. იმპორტის რეალური ზრდა 1 პროცენტზე ნაკლებია. იმპორტის დაბალი რეალური ზრდა, მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში, მაშინ როდესაც რეალური ექსპორტი მაღალი ტემპებით იზრდება - ეს არის დასტური იმისა, რომ იზრდება ქართული პროდუქციის საერთაშირისო კონკურენტუნარიანობა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.