აქცია იური მეჩითოვის განცხადებების წინააღმდეგ - „არა ოკუპაციას“ წევრებმა კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ფოროგრაფ იური მეჩითოვის პრორუსული განცხადებები გააპროტესტეს.
ახალგაზრდებმა ფოტოგრაფის საცხოვრებელი სახლის კარებზე ანტირუსული და ანტისაოკუპაციო შინაარსის პლაკატები გააკრეს.
სამოქალაქო აქტივისტებმა კარებთან სიმბოლურად ნიჩბებიც დატოვეს იმის შესახსენებლად, თუ რა ვითარებაში დაიღუპნენ 9 აპრილს დაცემული გმირები.
შეგახსენებთ, კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე ამტკიცებს, რომ 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე გამოსული მშვიდობიანი მოქალაქეები ოკუპანტებს ნიჩბებით არ მოუკლავთ.იური მეჩითოვმა ტელეარხ Al Jazeera-ს მიერ მომზადებულ ფილმში განაცხადა, რომ 1989 წლის 9 აპრილს 20 ქალბატონი დაიღუპა ასფიქსიის გამო. არავინ იყო დაჩეხილი, დაჭრილი, არ იყო მკვლელობები. „9 აპრილის პროტესტის დროს შეკრებილები 13-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდები იყვნენ ძირითადად. 90% შეიკრიბა იმიტომ, რომ მათთვის ეს ერთგვარი შოუ იყო, რომელშიც მონაწილეობდნენ. ეს შედეგი დანაშაულებრივი ქმედება იყო მათ მხრიდან, ვინც ამის ორგანიზება მოაწყო. ეს ხელისუფლების ხელში ჩაგდების გეგმა იყო. არავის უნდოდა ვინმეს მოკვლა. ისინი დაიღუპნენ პანიკური გაქცევისას, 20 ქალბატონი დაიღუპა ასფიქსიის გამო. არავინ იყო დაჩეხილი, დაჭრილი, არ იყო მკვლელობები“, - განაცხადა იური მეჩითოვმა.