დღეს, 12 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ ოფისთან თემირლან მაჩალიკაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციის გამართვა იგეგმება. ამი შესახებ ჟურნალისტებს თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა გუშინ 11 ნოემბერს განუცხადა.
მისი თქმით, ის ელოდება მხარდამჭერების ჩამოსვლას პანკისის ხეობიდან და გეგმავენ „ქართული ოცნების“ იმ ოფისთან შეკრებას, სადაც სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი მუშაობს. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ახლოვდება მისი შვილის დაბადების დღე და აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ მისი და ზაზა სარალიძის შვილების მკვლელობასთან დაკავშირებულ საქმეებს პასუხი არ გაეცემა.
"ერთი წელი გავიდა, კანონის ფარგლებში მოვითხოვთ სიმართლეს, აღიაროს სახელმწიფომ თავისი შეცდომა, აქედან გამომდინარე, ესენი საერთოდ ყურადღებას არ გვაქცევენ. თემირლანის საქმემ მთლიანად კი არა, ნახევარმა, 50%-ით რომ გაჟონოს, ესენი გაქცევითაც ვერ უშველიან თავს. იმდენად საზარელი დანაშაული აქვს ჩადენილი სახელმწიფოს, გაქცევითაც ვერ უშველიან თავს" - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
აქცია სავარაუდოდ 15:00 საათზე გაიმართება.